23-25 იანვარს, “ევროპის უნივერსიტეტში” ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის – „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)” (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას წარმომადგენლები პროექტის ყველა პარტნიორი ორგანიზაციიდან ესწრებოდნენ. „ევროპის უნივერსიტეტს“ თანამშრომლობას ადგილობრივ დონეზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს, ხოლო უცხოელ პარტნიორებს შორის არიან: პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი), სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი) და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი).
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა გრანტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები, პროექტით გათვალისწინებული სამუშაო პაკეტები და შესაბამისი აქტივობები. ამასთან ერთად, შემუშავებულ იქნა პირველი ექვსი თვის სამუშაო გეგმა და განისაზღვრა თემატური ჯგუფებიც.
ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტი – HEAL მიზნად ისახავს საქართველოში ექიმ-სტომატოლოგთა გაძლიერების ხელშეწყობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმის განახლების გზით და სტუდენტების იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, რაც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.